ქეთევან ციხელაშვილი - სიცრუეა, რომ გუგუტიანთკარში ხელისუფლების წარმომადგენლები ჩასულები არ ყოფილან
2019-08-12 11:52

„რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუგუტიანთკარში ხელისუფლების წარმომადგენლები ჩასულები არ ყოფილან, სიცრუეა, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, სხვადასხვა მედიასაშუალებებმა, მათ შორის „რუსთავი2“-მა, ფაქტობრივად პირდაპირ ეთერში გააშუქეს და ჰქონდათ ჩართვა მისი წარმომადგენლებისა, როდესაც ისინი, 8 აგვისტოს, ადგილზე ვითარების გასაცნობად და მოსახლეობასთან შესახვედრად გუგუტიანთკარში იმყოფებოდნენ. ასევე, მინისტრის განმარტებით, იქ იმყოფებოდა პარლამენტის აპარატის წარმომადგენელი და მუდმივად არიან შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები. როგორც ის აღნიშნავს, ამ დღეებში ყველა მედიასაშუალებას ჰქონდა ადგილზე წვდომა და ამომწურავი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა.
„ყველა მოქმედებას აქვს მიზანი. მიზანი ის არის, რომ ეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი შეჩერდეს და მოსახლეობას დავეხმაროთ. ამისათვის ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ. რაც შეეხება 7 აგვისტოს ეპიზოდს, თითოეულმა სახელმწიფო სტრუქტურამ მყისიერად აამოქმედა ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. 7 აგვისტოსვე რამდენჯერმე ამოქმედდა ცხელი ხაზი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა არაერთი კომუნიკაცია საერთაშორისო აქტორებთან, ორგანიზაციებთან, რათა პროცესი შეჩერებულიყო. ამ ეტაპზე პროცესი შეჩერებულია. ყველამ კარგად ვიცით, რომ მიმდინარე ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ და ამ ფონზე ამ თემით მანიპულირება და არასწორი ინფორმაციის გავრცელება სხვა არაფერია თუ არა პროვოკაცია და დამაზიანებელია. მეტიც, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას ძალიან უნდა ეს პროცესი გაამწვავოს. ნებით თუ უნებლიედ ამას უწყობს ხელს. მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ და გთხოვოთ, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ საკითხებს, რადგან ამ ყველაფრის უკან არიან ადამიანები, რომელთაც ეს ყველაფერი ეხებათ, ამ ყველაფრის უკან არის ჩვენი ქვეყანა და არც ეს ქვეყანა, არც ეს ადამიანები და არც ეს თემები არ არის სათამაშო“, -განაცხადა ქეთვან ციხელაშვილმა.
წყარო: ,,https://www.interpressnews.ge"