ისტორიული გადაწყვეტილება
2021-01-21 17:53

2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით „რუსეთი პასუხისმგებელია ქართველი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წამებაზე“
2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.
სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის (კონვენციის მე-3 მუხლი).
კერძოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რუსეთი პასუხისმგებელია:
• ქართველი სამხედრო ტყვეების წამებისთვის;
• დაახლოებით, 160 ქართველი სამოქალაქო პირის დაკავებისა და ცხინვალის იზოლატორში არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისთვის.
ამ ისტორიული გადაწყვეტილებით საქართველოს პირველად აქვს სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც რუსეთის მხრიდან ქართველი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წამებაზე, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას ადასტურებს.
დღევანდელი გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია საქართველოსათვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის“.
სტრასბურგის სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სპეციალური ბრიფინგი გამართა.