ირაკლი ღარიბაშვილი - მჯერა ევროკავშირში ინტეგრაციის გზას ჩვენ, ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად გავივლით და მათთან ერთად ავაშენებთ ერთიან ევროპულ, ძლიერ სახელმწიფოს
2022-03-04 18:46

მჯერა ევროკავშირში ინტეგრაციის გზას ჩვენ, ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად გავივლით და მათთან ერთად ავაშენებთ ერთიან ევროპულ, ძლიერ სახელმწიფოს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის განაცხადზე ხელის მოწერისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საკუთარი ათასწლოვანი კულტურითა და ისტორიით ამაყი ქართველი ერი მუდამ იყო ევროპაზე ორიენტირებული, მისი ღირებულებების ერთგული.
“შეუქცევადი სწრაფვა ევროპული დემოკრატიის მშენებლობისა და შესაბამისად ევროკავშირის წევრობისკენ საქართველოს გამთლიანებისკენ გადადგმული ნაბიჯია, მჯერა ევროკავშირში ინტეგრაციის გზას ჩვენ ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად გავივლით და მათთან ერთად ავაშენებთ ერთიან ევროპულ, ძლიერ სახელმწიფოს.
საკუთარი ათასწლოვანი კულტურითა და ისტორიით ამაყი ქართველი ერი მუდამ იყო ევროპაზე ორიენტირებული, მისი ღირებულებების ერთგული. მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართველმა ხალხმა შექმნა ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული, უაღრესად დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო, რომლის სულისკვეთება და კონსტიტუცია ევროპის დღევანდელ კრიტერიუმებსაც კი ზედმიწევნით შეესაბამებოდა.
1991 წელს აღდგენილი ეროვნული დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობაც ამავე კონსტიტუციას, ევროპულ ღირებულებებს დაეფუძნა და მთავარ გეზად ევროპული ორიენტაცია განსაზღვრა”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა