USAID და განათლების სამინისტრო დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის გამოფენას აწყობს
2015-04-15 13:12

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აწყობს დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის საგანგებოდ შემუშავებული სასწავლო რესურსების გამოფენას. აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) მიერ საქართველოს ყველა რეგიონში 122 საპილოტე ქართული და ეთნიკური უმცირესობების საჯარო სკოლების დაწყებით კლასებში პილოტირებული ინოვაციური სწავლების მეთოდებისა და სტრატეგიების დანერგვას.
როგორც "ინტერპრესნიუსს" USAID -დან აცნობეს, ინოვაციური მიდგომები, სასწავლო პროცესებში მონაწილეობა და დამატებითი რესურსები ერთობლივად ხელს უწყობენ ეფექტურ სწავლებას და მაქსიმალურად ზრდიან სწავლაში მოსწავლეთა პრაქტიკულ გამოცდილებას.
მრავალფეროვანი სასწავლო რესურსების გამოფენა გაიმართება 16 აპრილს, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის საერთაშორისო კულტურის ცენტრში "მუზა", რომელიც მდებარეობს კუს ტბის გზაზე. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დაწყებით საფეხურზე დონეების მიხედვით კლასიფიცირებული დამატებითი საკითხავი მასალა, დიდი ზომის წიგნები პატარა მკითხველებისთვის; პლაკატები, აქტივობის ბარათები და მანიპულატივები მათემატიკისა და კითხვის მიმართულებით; დასურათებული ბარათები ტექსტებით, საბავშვო გაზეთები მოსწავლეებისათვის და აქტივობის ბარათები მშობლებისათვის, რომლებიც შეიქმნა საკლასო გაკვეთილების გამდიდრების მიზნით ქართველი სპეციალისტების მიერ.
თვალსაჩინო და ფერადი ილუსტრირებული მასალა ხელს შეუწყობს მოსწავლეებს განუვითარდეთ წარმოსახვა სხვადასხვა დროში, ადგილებსა და კულტურულ გარემოში მოგზაურობისთვის. G-PriEd-ის პროექტის ფარგლებში შექმნილი სასწავლო მასალა გზას გაუხსნის გააზრებული კითხვის და მათემატიკის სწავლას, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შორის იდეების აქტიურად გაცვლა-გამოცვლას. სახალისო და ინოვაციური რესურსები ადვილს, ცოცხალსა და აქტიურს გახდის როგორც სწავლების, ისე სწავლის პროცესს.
წყარო: საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი"